მგზავრთა უფლებები


ავიაკომპანიების მგზავრთა უფლებები დაცულია სხვადასხვა ქვეყანათა შიდა ეროვნული კანონმდებლობით. თუმცა, გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო რეგულაციები რომელიც მგზავრთა უფლებებს იცავს, მაგალითად მათ შორის არის ევროკავშირის 2004 წლის 11 თებერვლის #261 რეგულაცია ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის შესახებ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 1999 წლის მონრეალის კონვენცია.

ევროკავშირის #261 რეგულაცია ერთერთი ყველაზე ეფექტური და ხშირად გამოყენებული ინსტრუმენტია ავიაკომპანიების წინააღმდეგ. რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უფლებების დაცვას ისეთ შემთხვევებში როდესაც ფრენა გაუქმდა, ფრენა დაგვიანდა ან მგზავრს უარი ეთქვა ჩასხდომაზე და განსაზღვრავს იმ წინაპირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია.

ევროკავშირის აღნიშნული რეგულაცია, ვრცელდება ყველა იმ რეისზე რომელიც:

  1. გამოფრინდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის რომელიმე აეროპორტიდან;
  2. გამოფრინდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის აეროპორტიდან და რომლის საბოლოო დანიშნულების აეროპორტიც განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და რომელიც განხორციელებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის ავიაკომპანიის მიერ.

 

ევროკავშირის მიერ დადგენილი დაცვის მექანიზმები ვრცელდება ზემოთ აღნიშნული რეისების ყველა მგზავრზე, მათ შორის იმ მგზავრებზეც რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები.

გარდა ზემოაღნიშნული რეგულაციისა, არსებობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებები რომლებიც აზუსტებენ ევროკავშირის #261 რეგულაციით დადგენილი წესების შინაარსს ადგენენ მისი გამოყენების სტანდარტს.

თუ თქვენ თვლით, რომ ავიაკომპანიამ დაარღვია თქვენი უფლებები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და შეგვატყობინოთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ. ჩვენი კომპანიის იურისტთა გუნდი შეისწავლის თქვენს საქმეს და ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებზე დაყრდნობთ შევეცდებით დაგეხმაროთ თქვენი უფლებების დაცვაში.