უარი ჩასხდომაზე


ხშირად ავიაკომპანიები კონკრეტულ რეისზე უფრო მეტ ბილეთს ყიდიან, ვიდრე თვითმფრინავში ადგილების რაოდენობაა. ასეთ შემთხვევას „ოვერბუქინგი“ (overbooking) ეწოდება და იგი თანამედროვე სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში დამკვიდრებული მოვლენაა. ხშირად ხდება რომ ყველა მგზავრი ფრენაზე არ ცხადდება და მათი ადგილი ცარიელი რჩება. ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და ცარიელი ადგილების შესავსებად ზოგიერთი ავიაკომპანია მიმართავს „ოვერბუქინგის“ პრაქტიკას. თუმცა, „ოვერბუქინგის“ გამო შესაძლებელია რომელიმე მგზავრი „ზედმეტი“ აღმოჩნდეს და ასეთ დროს ავიაკომპანიას უწევს უარი უთხრას მას ჩასხდომაზე. ეს რა თქმა უნდა ავიაკომპანიის ბრალია და იგი ვალდებულია მგზავრს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია 600 ევრომდე ოდენობით.

მსგავს ვითარებებში ავიაკომპანიები ხშირად სთავაზობენ მგზავრებს სხვადასხვა ვაუჩერებს ან სხვა სარგებელს და სანაცვლოდ ითხოვენ რომ მგზავრმა „საკუთარი ნებით“ დაუთმოს ადგილი სხვა მგზავრს რეისზე და იმგზავროს მომდევნო რეისით. თუ კი მგზავრი დათანხმდება ავიაკომპანიის შეთავაზებას და საკუთარი ნებით დაუთმობს ადგილს სხვა მგზავრს დაკარგავს კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

იმ შემთხვევაში თუ კი მგზავრი არ დათანხმდება ავიაკომპანიის შეთავაზებას და ადგილს არ დაუთმობს სხვა მგზავრს, ავიაკომპანიას მოუწევს მგზავრი იძულებით მოხსნას რეისიდან და უარი უთხრას ჩასხდომაზე. ასეთ შემთხვევაში მგზავრი უფლებამოსილია მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია ავიაკომპანიისგან.

ევროკავშირის #261 რეგულაციის თანახმად, ჩასხდომაზე უარის დროს მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაციის გადახდა იმ შემთხვევაში თუ კი:

  • საბოლოო დანიშნულების აეროპორტში  ჩაფრინდა 3 საათით ან უფრო მეტი დროით გვიან.
  • მგზავრმა დროულად გაიარა რეგისტრაცია, ყველა სამგზავრო დოკუმენტი წესრიგში აქვს და არ არსებობს უსაფრთხოებასთან ან მგზავრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ობიექტური რისკები.
  • ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტიდან ან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის აეროპორტიდან თუმცა საბოლოო დანიშნულების აეროპორტი განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ფრენას ახორციელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ავიაკომპანია.
  • სახეზე არ არის „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა.

ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე - 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე - 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი - 600 ევრო.

მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.

 

„განსაკუთრებული გარემოებები“

როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა არის და რომლის მართვა ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია. არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი შესაძლოა ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ზოგადად „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:

  • ცუდი ამინდი რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას;
  • პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა; 
  • ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე;
  • სამთავრობო გადაწყვეტილებები;
  • ნებისმიერი სხვა გარემოება რაც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმაა.

 

როგორ უნდა მოვიქცე ჩასხდომაზე უარის დროს?

  • ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება უარის მიზეზთან დაკავშირებით.
  • შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.).
  • მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს.
  • დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები.

 

შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ჩასხდომაზე უარის დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.