ლოდინში ნაშოვნი €-ები


როცა 20 წლის ასაკში მოულოდნელად აღმოვჩნდი თბილისიდან - ნიუ-იორკში, ანუ ქალაქიდან, სადაც საუზმის კულტურა გვიან გაღვიძების გამო არ არსებობს - ქალაქში, სადაც შეხვედრას შემდეგი კვირის ხუთშაბათს,16:55-საათიდან 17:25-საათამდე გინიშნავენ, მივხვდი, რომ იქ ადამიანები დროს ძალიან უფრთხილდებოდნენ. 9:00 საათზე დაწყებულ ლექციაზე ზუსტად 2 წუთის დაგვიანებით შესვლის შემთხვევაში, ლექტორი და მთელი კლასი გაოცებულ მზერას შემავლებდნენ ხოლმე და კარიდან ჩემს მერხამდე გასავლელ რამდენიმე წამს ჯოჯოხეთურ უხერხულობად გადამიქცევდნენ.

ერთ დღესაც, სამსახურში, როგორც ყოველთვის დაგვიანებულად შეპარულმა დავიკავე ჩემი კუთვნილი ადგილი ჩემი თანამშრომელი, მუდამ მომღიმარი ზაკის წინ, რომელიც ტელეფონში ვიღაცას მაგრად “აკაჩავებდა”. ყურის დაგდება ვცადე, თუმცა ისე იყო შეჭრილი როლებში და ისე სწრაფად საუბრობდა, რომ აზრი დიდად ვერ გამოვიტანე. საუბრის დამთავრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზაკი ერთ-ერთი  ავიაკომპანიის  წარმომადგენელს “აკაჩავებდა”, რადგან დაგვიანებული ფრენის გამო მათ კომპენსაცია ჯერაც არ ჩაერიცხათ. ანუ, რამდენიმე დღით დაუგვიანეს, ამ ჩვენმა ზაკმა კიდევ დაკარგული დროის კომპენსაციის დაგვიანება აღარ აპატია და ჩივილითაც დაემუქრა. არადა, სულ მეგონა, რომ ასეთი ტიპები - კომპანიებს ჩივილით რომ ემუქრებიან, მოხუცი ბებიები ან  ბალზაკის ასაკს კარგახანს გადაცდენილი, გაუთხოვარი ქალები იყვნენ. თურმე, ნორმალურია შენი უფლებები დაიცვა და მათთვის იბრძოლო, აგერ ჩემხელა ბიჭი ამის მაგალითი იყო. ცხელ გულზე საუბრისას ზაკს ისიც წამოსცდა, რომ უყვარს კიდეც, როცა ავიაკომპანიები ფრენას უგვიანებენ, რადგან ეს მისი ახალი მოგზაურობის გარანტია. ზაკ დაგვიანებული ფრენების საკომპენსაციო თანხებით არაერთხელ უმოგზაურია სხვადასხვა ქვეყანაში. მერე ჭკუაც დამარიგა, ხალხის უმრავლესობამ არ იცის, რამდენი საათის შემდეგ რა თანხის მოთხოვნა შეუძლიათ და ამიტომ ავიაკომპანიები ანაზღაურებით თავს არ იწუხებენ, შენ თუ არ შეაწუხეო.

ზაკის რჩევით მომდევნო თვეში ნიუ-იორკიდან ამსტერდამამდე - დაგვიანებული ფრენის სანაცვლოდ მიღებული თანხით, მოგვიანებით პარიზში გავფრინდი. აღმოჩნდა, რომ გარდა იმისა, რომ ამ გზით ჩემს ეგოს დავიკმაყოფილებდი, ნერვებს დავიწყნარებდი და ამბავიც მექნებოდა მოსაყოლი, ყველა დაგვიანებული ფრენით easy money-საც ვიშოვიდი.

ამ ამბით და საკუთარი სიყოჩაღით მოხიბლულმა, გადავწყვიტე, ეს საკითხი უფრო ღრმად შემესწავლა და აღმოვაჩინე, რომ მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ფრენის თარიღის შეცვლა მოგინდება, ავიაკომპანიამ  ამაში შესაძლებელია დამატებითი ფული გამოგართვას, თუმცა, თუ პირიქით ხდება და ავიაკომპანია საკუთარი ბრალის გამო ცვლის შენს გეგმებს (პირობითად დაგეგმილი გქონდა 5 საათზე პარიზში ყოფნა და ჩაგიყვანა 10 საათზე), დაკარგულ დროს და არეულ გეგმებს არაფრითაც არ აკომპენსირებს.

მაინცდამაინც სამართლიანი არ მომეჩვენა ეს ამბავი. მერე ისევ ჩემი მეგობარი ზაკის სიტყვები გამახსენდა, რომელიც ამბობდა, თუ როგორ სარგებლობენ ავიაკომპანიები იმით, რომ მგზავრებმა ფრენის წესები და საკუთარი უფლებები არ იციან. მოგვიანებით კიდევ გადავხედე ინფორმაციას ავიამგზავრთა უფლებების შესახებ და აღმოვაჩინე, რომ უკვე არსებობს რეგულაციები, რომელიც კომპანიებს აიძულებს, დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაცია გადაგიხადონ, თუ საკუთარი უფლებები კარგად იცი და ანაზღაურებას მოითხოვ.

ასე გაჩნდა ჩემს გონებაში აქსიომა: საკუთარი უფლებების ცოდნა მათი დარღვევის რისკს ამცირებს. და სწორედ ამ აქასიომამ, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, საუზმის კულტურის არმქონე ქვეყანაში დაბადებული გოგო, ჩემს წარმოდგენაში ბალზაკის ასაკს გადაცილებულ, გაუთხოვარ ქალად გადამაქცია, რომელსაც დროის ფასი უკვე კარგად გაუგია და მის წართმევას უსამართლო ავიაკომპანიებს არ პატიობს.

 

ავტორი - ქეთა ბაღაშვილი