ფრენის გაუქმება


ფრენის გაუქმების დროს მგზავრების უფლებები დაცულია ევროკავშირის #261/2004 რეგულაციით, რომელიც ავიაკომპანიებს აკისრებს ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია მთელ რიგ წინაპირობებზე, რომელსაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ იხილავთ.

 

ფრენის გაუქმების შემთხვევაში:

  • ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს შეატყობინოს ამის შესახებ რაც შეიძლება ადრე და შესთავაზოს ალტერნატიული ფრენა.
  • მგზავრს უფლება აქვს მოითხოვოს გაუქმებული ფრენის ბილეთში გადახდილის ფასის ანაზღაურება ან ავიაკომპანიის მიერ ალტერნატიული რეისის (ან ტრანსპორტირების) შემოთავაზება რაც შეიძლება სწრაფად.
  • მოითხოვოს ფულადი კომპენსაციის გადახდა 250 დან 600 ევრომდე იმ შემთხვევაში თუ კი სახეზეა კომპენსაციის გადახდის წინაპირობები.

მნიშვნელოვანია, რომ თუ კი ავიაკომპანიამ ფრენის გაუქმების შესახებ მგზავრს შეატყობინა ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე, მგზავრს შესაძლოა ეკუთვნოდეს 250 დან 600 ევრომდე კომპენსაცია იმ შემთხვევაშიც კი როდესაც ავიაკომპანიამ მგზავრს აუნაზღაურა გაუქმებულ ფრენაში გადახდილის ბილეთის საფასური.

 

ფულადი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია გაფრენის აეროპორტსა და საბოლოო დანიშნულების აეროპორტს შორის მანძილის ოდენობაზე და განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.მდე - 250 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილია 1500 კმ.დან 3500 კმ.მდე - 400 ევრო;
  • თუ ფრენის მანძილის 3500 კმ.ს და მეტი - 600 ევრო.

 

ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიას ეკისრება ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

 

  • მგზავრმა დროულად გაიარა რეისზე რეგისტრაცია.
  • ფრენის გაუქმება არ მომხდარა „განსაკუთრებული გარემოებების“ მიზეზით რისი თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეეძლო. 
  • ფრენა ხორციელდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის აეროპორტიდან ან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის აეროპორტიდან თუმცა საბოლოო დანიშნულების აეროპორტი განლაგებულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში და ფრენას ახორციელებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ავიაკომპანია.
  • ავიაკომპანიამ მგზავრებს შეატყობინა ფრენის გაუქმების შესახებ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე. ასეთ შემთხვევაში როდესაც ავიაკომპანიამ მგზავრს შეატყობინა ფრენის გაუქმების შესახებ ფრენამდე 14 დღეზე ნაკლები დროით ადრე, კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია იმაზე თუ დაგეგმილზე რამდენად გვიან ან ადრე ჩაფრინდა ავიაკომპანია საბოლოო დანიშნულების აეროპორტში.

 

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობები ზოგადი ხასიათისაა და შესაძლებელია საჭიროებდეს დამატებით განმარტებას ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. იმისათვის რათა შევძლოთ უფრო კონკრეტულად გითხრათ გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია, გთხოვთ თქვენი ქეისის შესახებ  მოგვწეროთ დეტალურად.

 

მნიშვნელობა არ აქვს მგზავრის მიერ შეძენილი ბილეთის ფასს. მგზავრს კომპენსაცია ეკუთვნის მიუხედავად მის მიერ ბილეთში გადახდილი ფასისა.

 

ავიაკომპანია არ არის ვალდებული მგზავრს გადაუხადოს ფულადი კომპენსაცია თუ კი:

  • ავიაკომპანიამ შეატყობინა ფრენის გაუქმების შესახებ 14 დღეზე მეტი ვადით ადრე.
  • ფრენის გაუქმება მოხდა „განსაკუთრებული გარემოებების“ გამო, რომელიც ავიაკომპანიას არ შეეძლო აერიდებინა თავიდან.

 

„განსაკუთრებული გარემოებები“

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანიას არ ეკისრება ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება იმ შემთხვევაში როდესაც ფრენა გაუქმდა „განსაკუთრებული გარემოებების“  მიზეზით. როგორც წესი, „განსაკუთრებული გარემოებები“ მოიცავს ისეთ შემთხვევებს ან გარემოებებს რომელიც ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა არის და რომლის მართვა ან თავიდან აცილებაც ავიაკომპანიას არ შეუძლია. არ არსებობს „განსაკუთრებული გარემოებების“ ამომწურავი ჩამონათვალი და იგი უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე დროს, „განსაკუთრებული გარემოებების“ არეალი შესაძლოა ყოველთვის შეიცვალოს/განახლდეს სხვადასხვა სასამართლოების პრეცედენტული გადაწყვეტილებების საფუძველზე. ზოგადად „განსაკუთრებულ გარემოებებად“ განიხილება:

  • ცუდი ამინდი რომელიც შეუძლებელს ხდის ფრენის შესრულებას;
  • პოლიტიკური ან სამოქალაქო არეულობა;
  • ფრინველის შეჯახება თვითმფრინავთან;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები რაც არ არის დამოკიდებული ავიაკომპანიაზე;
  • სამთავრობო გადაწყვეტილებები;
  • ნებისმიერი სხვა გარემოება რაც არის ავიაკომპანიის კონტროლს მიღმა.

 

როგორ უნდა მოვიქცე ფრენის გაუქმების დროს?

  • ავიაკომპანიის წარმომადგენლებს მოთხოვეთ ახსნა-განმარტება ფრენის გაუქმების მიზეზთან დაკავშირებით.
  • შეინახეთ სამგზავრო დოკუმენტაცია (ჩასხდომის ბარათი, ელექტრონული ბილეთი, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ვაუჩერი, ალტერნატიული ფრენის ბილეთი, ა.შ.).
  • მიაწოდეთ ინფორმაცია შესაძლო კომპენსაციის შესახებ სხვა მგზავრებს.
  • დაგვიკავშირდით, მოგვიყევით თქვენი პრობლემის შესახებ დეტალურად და გადმოგვიგზავნეთ სამგზავრო დოკუმენტაციის ასლები.

 

შენიშვნა:

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ განთავსებული ინფორმაცია ფრენის გაუქმების დროს მგზავრთა უფლებების შესახებ არის საინფორმაციო ხასიათის და განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ მგზავრთათვის ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მისაწოდებლად. აღნიშნული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეული იქნეს როგორც იურიდიული კონსულტაცია ან კომპენსაციის მიღების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარანტია. იმისათვის რათა შევძლოთ თქვენთვის იურიდიული დახმარების გაწევა, ჩვენმა გუნდა უნდა შეისწავლოს კონკრეტული შემთხვევის დეტალები, რისთვისაც გთხოვთ დაგვიკავშირდეთ და მოგვწეროთ დეტალურად თქვენი პრობლემის შესახებ.